UFC-ის მებრძოლმა, შარა ბულეტმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ის შეეხო რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას, ასევე დაღესტნის როლსაც - "დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაღესტანელებისგან იცავდა. ქართველები უნდა უმადლოდნენ რუსეთს, იმის გამო, რომ საქართველო დაღესტანის ნაწილი არ გახდა", - განაცხადა "მეკობრემ".
30 წლის მებრძოლს უპასუხეს ქართველებმა, რომან დოლიძემ და გურამ ქუთათელაძემ - "შარა, გამარჯობა. არ მიყვარს ინტერნეტში გარჩევები, ყოველთვის ვცდილობ, თავი ასეთი რაღაცებისგან შორს დავიჭირო. შენი განცხადება, სულ მცირე, კორექტულად და სწორად არ მიმაჩნია. და მომავალში როდესაც შეგხვდები, შენთან ამაზე საუბარი მსურს.
მეზობელი ერები ვართ, დიდი ხანია, ერთად ვცხოვრობთ. მგონი, სალაპარაკო გვექნება", - განაცხადა დოლიძემ. "სპორტსმენი ხარ და საქართველოსთან ომზე საუბარს შეეშვი. შეეშვი ინტერვიუებსა და კამერის წინ საუბრებს. როდესაც შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკებთ ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე, რუსული ენის გაკვეთილზეც და ცხოვრებაზეც", - ეს კი უკვე ქუთათელაძის პასუხია.