კონორ მაკგრეგორისა და ილია თოფურიას სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. უკანასკნელ დღეებში ყოფილმა და მოქმედმა ჩემპიონებმა ერთმანეთის შესახებ რამდენიმე კომენტარი გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ჩემპიონი შეებრძოლება მაქს ჰოლოუეის, რომელსაც თავის დროზე სწორედ ირლანდიელთან აქვს წაგებული.
მაკგრეგორი: "ჰოლოუეი ძველ სიმაღლეზე დაბრუნდა. ორგზის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ორმაგი ჩემპიონობის მცდელობა, BMF ქამრის ამჟამინდელი მფლობელი. მაქსი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქმეში. ჩემთან წაგების შემდეგ ის ბევრად ძლიერი გახდა. ჩემთან მარცხის შემდეგ, ფაქტობრივად ყველა დროის საუკეთესო გახდა.
ჰავაელის დაჭერა პატარა კაცს ძალიან გაუჭირდება. გამანადგურებელ გაცვლებში ნუ შეხვალ ძმაო, ის ძლიერიც არის და ძალიან გამოცდილი! დიდი ბრძოლის მოლოდინში ვარ", - განაცხადა "ნოტორიუსმა" "ელ მატადორისა" და "კურთხეულის" მოახლოებული ბრძოლის შესახებ.
თოფურია: "შენთან ბრძოლის შემდეგ, ჰოლოუეი 100 პროცენტით განვითარდა. მან გააანალიზა, რომ თუ უნდა ამ სპორტით იცხოვროს, ისეთი ცუდი აღარ უნდა იყოს, რომ შენს მსგავსთან წააგოს. დღეს მაქსი მარტივად მოგიგებს. რემატჩში დასტინმა დაგანოკაუტა, ნეითმა 2-ჯერ მოგიგო, ხაბიბმა მიწასთან გაგასწორა და 50 წლის ფლოიდმა კრივის გაკვეთილი ჩაგიტარა. შენს ადგილას დაჯექი ბავშვო. ყალბი მებრძოლი ხარ", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.