სეზონის ბოლო რბოლას, ტრადიციულად, აბუ დაბიმ უმასპინძლა, სადაც კონსტრუქტორთა შორის ჩემპიონობისთვის ფერარი და მაკლარენი იბრძოდნენ. ბრიტანულ გუნდს 22 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.
2024 წლის ბოლო რბოლის სტარტი მაკლარენისთვის მძიმედ დაიწყო — მიუხედავად იმისა, რომ ლანდო ნორისმა პირველობა შეინარჩუნა, მისი თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი პირველივე მოსახვევში მოცურდა და მეორე ადგილიდან ბოლოსკენ გადაინაცვლა.

საოცარი სტარტი აიღო ფერარის მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა, რომელმაც, ჯარიმის გამო, გრან პრი მე-19 პოზიციიდან დაიწყო და მალევე მოახერხა 12 ბოლიდის ჩამოტოვება. საბოლოოდ, შარლი მესამეზე გავიდა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა, კარლოს საინსმა კი მეორე პოზიცია დაიკავა.
აბუ დაბის გრან პრის გამარჯვებული ლანდო ნორისი გახდა და სწორედ მის მიერ მოპოვებული 25 ქულა აღმოჩნდა გადამწყვეტი კონსტრუქტორთა დავაში. მაკლარენი 666 ქულით ჩემპიონი გახდა, ხოლო ფერარი 652 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მოქმედმა ჩემპიონმა, რედ ბულმა კი სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის გამარჯვებული ინდივიდუალურ ჩათვლაში მაქს ვერსტაპენი გახდა, რომელმაც ჩემპიონობა 2 რბოლით ადრე, ლას ვეგასში გაინაღდა და ზედიზედ მე-4 ტიტულს დაეუფლა. წინ 2-თვიანი შესვენება და ჰიბრიდული ერის ბოლო, 2025 წლის სეზონი გველოდება.








