ტურინის იუვენტუსის ყოფილი სპორტული დირექტორი, ლუჩანო მოჯი და რომის ლაციოს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. პირველი ხმაურიანი განცხადება "ბიანკონერის" ექს-სელექციონერმა გააკეთა. მან მაქს ალეგრი დაიცვა, "ბიანკოჩელესტეს" დამრიგებელი კი გააკრიტიკა:
"იუვენტუსი ალეგრისთან ერთად მეორე ადგილზეა, მეტი რა უნდა მოვთხოვოთ მას? იმაზე უარესი მაინც არაფერი იქნება, რაც სარის დროს იყო. მაურიციოს ტურინში პატივს არავინ სცემდა. გუნდის თამაშის ხარისხი საგრძნობლად დაეცა და მისი უფრო დიდი ხნით დარჩენის შემთხვევაში, "ბიანკონერი" ქვედა დივიზიონში გადავიდოდა", - განაცხადა 86 წლის ყოფილმა სელექციონერმა.
"არწივების" მწვრთნელის პასუხმა არ დააყოვნა:
"უკანასკნელი სკუდეტო, რომელიც იუვენტუსმა მოიგო, სწორედ ჩემი მწვრთნელობის დროს იყო. რაც შეეხება ქვედა დივიზიონში გავარდნას, ტურინული კლუბი ასეთ მდგომარეობაში ერთადერთხელ აღმოჩენილა, ისიც მოჯის გამო. რთულია ფეხბურთისგან გარიყულ პიროვნებასთან კამათი", - განაცხადა 65 წლის დამრიგებელმა.
სარი გულისხმობს კალჩოპოლის სკანდალს, როდესაც "ბიანკონერი" და მისი იმდროინდელი სპორტული დირექტორი, მოჯი მატჩების ჩაწყობაში ამხილეს. "ბებერი ქალბატონი" სერია ბ-ში დააქვეითეს, იტალიელი სელექციონერი კი საფეხბურთო საქმიანობას სამუდამოდ ჩამოაშორეს. რაც შეეხება იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ბოლო სკუდეტოს, მაურიციომ ეს ჯილდო 2020 წელს მოიგო.