საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა ისევ დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სტუმრად გამართული შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 22:20 მოიგო.
შეგახსენებთ, 13 მარტს საქართველოს ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინას "თბილისი არენაზე" უმასპინძლა და 28:26 სძლია.
ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოპოვებული ორი გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 11 მაისს კი სტუმრად დაუპირისპირდება ისლანდიას. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ რვა ჯგუფიდან პირველი და მეორე ადგილის მფლობელები და ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.
2024 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი სწორედ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე 22:19 დაამარცხეს.







