სპორტკომპლექს “არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა. შეჯიბრებაში ახალდაფუძნებული კლუბების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
საქართველოს ჩემპიონატზე თბილისის სამმა, წალენჯიხისა და ზუგდიდის ორ-ორმა, ამბროლაურის, ტყიბულის, გორის, დმანისის, მარტვილის, ახალციხის, სენაკის და ახმეტის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში, გოგოებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა. ტურნირის მსაჯთა შორის იყვნენ გამოცდილი ქართველი კუდოისტები - ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.
შეჯიბრებაში ასევე მონაწილეობდნენ კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, დავით ქირიას საბრძოლო ხელოვნებების აკადემიის კუდოისტები.
ტურნირს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი დაესწრო და გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასული კუდოისტების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
გუნდურ ჩათვლაში მთავარი მწვრთნელის, რომეო გაბლაიას ხელმძღვანელობით, ზუგდიდის კლუბმა “კოლხეთმა” გაიმარჯვა.














