1 ნოემბერს, 15:00 საათიდან TKT.GE-ს საშუალებით გაიყიდება საქართველოს და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩის ბილეთები. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20 და 30 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველო - ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთა პლეი-ოფის შეხვედრა 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება, - ბილეთების რელიზაციის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველომ ექვს გუნდიან ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ასევე ისტორიული შედეგია, როგორც პოზიციით ასევე დაგროვებული ქულებით.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოს U21 ნაკრები ხორვატიასთან 2 მატჩს გამართავს, 15 ნოემბერს საქართველოში, 19 ნოემბერს კი ხორვატიაში. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია