ჩეხეთის ქალაქ ჰოროვიცეში 27–30 აგვისტოს საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირი - CSI2*-W გაიმართა. ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ, რომელიც ტურნირში ორი ცხენით - Modest Vd Vroente და Lambada MNM - მონაწილეობდა, „ვერცხლის ტურის“ ფინალში ლამბადასთან ერთად საუკეთესო შედეგი 61,90 წამი დააფიქსირა და გამარჯვება მოიპოვა.
შეჯიბრება სისწრაფესა და მართვაში გაიმართა, რა დროსაც მხედრებს მარშრუტის რაც შეიძლება სწრაფად, საჯარიმო ქულების გარეშე გავლა ევალებოდათ. „ვერცხლის ტურის“ ფინალში ქართველმა მხედარმა და მისმა ცხენმა ლამბადამ 72 მხედრისა და ცხენის წყვილს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.
შალვა გაჩეჩილაძემ მოდესტისთან ერთად ტურნირის მთავარ შეჯიბრებაშიც - Grand Prix World Cup Qualifier-ი იასპარეზა, რომელშიც მსოფლიო ფინალისთვის სარეიტინგო ქულების მოპოვება შეძლო.
ტურნირი „მსოფლიოს თასის“ ცენტრალური ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც გახლდათ.



















