საქართველო ხდება პირველი ქვეყანა, სადაც ესპანეთის ფარგლებს გარეთ "ბარსელონას" პირველი ოფიციალური მაღაზია იქნება. მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის გამორჩეული და წარმატებული კლუბის ოფიციალური მაღაზია -
Barca Store Georgia 29 მარტს
გაიხსნება.
ვიდრე ქართველი ქომაგები, საფეხბურთო გრანდის პროდუქციის ყიდვას, კოსტავას ქუჩაზე, 23 ნომერში შეძლებენ, შეთავაზებებისა და მაღაზიის სპეციფიკის დეტალების შესახებ, LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში Barca Store Georgia-ს დამფუძნებელი დავით ზაქარიაძე საუბრობს:
- როდის დაიწყო მოლაპარაკება "ბარსელონას" ოფიციალური მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით და წარმატებით დასრულებისას რამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა?
- მოლაპარაკება დაიწყო 2022 წელს, გამომდინარე იქედან, რომ ეს პირველი მაღაზიაა ესპანეთის ფარგლებს გარეთ, ძალიან ბევრი ნიუანსი იყო განსახილველი, მაგრამ საბოლოოდ, შევძელით და 2025 წლის 29 მარტს დიდი სიხარულით იხსნება საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პირველი ოფიციალური მაღაზია.
- "ბარსელონას" მხრიდან რა მოლოდინია თბილისის ფილიალთან დაკავშირებით?
- ჩვენი წინასწარი კვლევებიდან ვნახეთ, რომ "ბარსელონას" უამრავი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, თანაც გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში მსგავსი არცერთი მაღაზია არ არის და თანაც ფეხბურთის სიყვარული ძალიან დიდია, ველოდებით ვიზიტორების ძლიან დიდ რაოდენობას, როგორც ადგილობრივი ასევე ტურისტების ვიზიტს. გვინდა რომ ბარსასთორი იქცეს ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილად.
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, ესპანეთის ფარგლებს მიღმა, სადაც "ბარსელონას" ოფიციალური მაღაზია გაიხსნება, რით იქნება გამორჩეული თბილისური მაღაზია და რამდენადაა გათვლილი მთლიანად კავკასიის რეგიონზე?
- დიახ ეს არის პირველი მაღაზია ესპანეთის გარეთ, რომელიც მომხარებელს შესთავაზებს არა მხოლოდ სპორტულ ეკიპირებას, ასევე ყოველდღიურ ტანისამოს, ბურთებს, სუვენირებსa და ბევრ სამახსოვრო საჩუქარს. ჩვენი მაღაზია გათვლილია სხვადასხვა ტიპის მომხარებელზე სადაც მთავარი არის ბარსელონას სიყვარული და სულისკვეთება.
- ახლა მიმდინარეობს გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის სამზადისი, რა ელის გულშემატკივარს?
- ძალიან გვინდა ბარსელონას სიყვარული უფრო გავუღრმავოთ ჩვენს მომხარებელს, ამისათვის გვაქვს ბევრი საინტერესო შეთავაზებები, მომხმარებელი არის ჩვენი მთავარი საგანძური, ამიტომაც გვინდა, რომ ადამიანი რომელიც მოვა ჩვენთან და შეიძენს ნივთს, არ იყოს ეს შენაძენი ერთჯერადი.
- რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, რამდენად შესაძლებელია მოერგოს ქართულ ბაზარს?
- დიახ ბევრი კითხვა არის ამ მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მოვრგებოდით ქართულ ბაზარს, მაგრამ არის რაღაც საკითხები რაზეც "ბარსელონას" ააქვს თავისი გათვლები და შეხედულებები, რასაც უნდა მოვერგოთ, მაგრამ ვფიქრობ, მომხარებელი კმაყოფილი იქნება.
- რას პირდებით ბარსელონას ქართველ გულშემატკივარს?
- გვაქვს უამრავი სიურპრიზი მომხარებლისთვის, საჩუქრები, გათამაშებები, კოლაბორაციები, როგორც იცით მაისში იმართება ლეგენდების მატჩი საქართველოში, გვეყოლება სტუმრები ჩვენს მაღაზიაში. გვეგმავთ ბარსას სპორტ კაფე ბარის გახსნა, საფეხბურთო შოუები, საზაფხულო კემპები. შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი სასიხარულო სიახლეებია იმისთვის, რომ გაიხაროს გულშემატკივარმა და უფრო გაიზარდოს მათი რაოდენობა.