საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების წარმატებულ საკლუბო სვლას წერტილი საბა ლობჟანიძემ დაუსვა და ნაკრებში ისიც ამაღლებული განწყობით მოდის, თან ორმაგად ამაღლებული, ვიდრე სხვა დანარჩენი და ამის მიზეზიც აქვს.
MLS-ში გამართული მატჩი ინტერ მაიამისა და ატლანტა იუნაიტედს შორის, სტუმრებმა 1:3 მოიგეს. ლობჟანიძემ ორი, ერთმანეთზე ლამაზი, გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
როგორც ვიცით, მოწინააღმდეგე გუნდში ფეხბურთის ლეგენდა, ლეო მესი თამაშობდა. როცა ქართველი ლეგიონერი ამა თუ იმ ჩემპიონატში მატჩის საუკეთესოდ სახელდება კარგია, მაგრამ უფრო სასიხარულოა, როცა მოედანზე მესია და ამ თამაშში საუკეთესო ქართველი ხდება.
ალბათ, ბოლო 20 წელში იშვიათად მომხდარა, რომ მესი ვინმეს დაემწუხრებინოს. ძირითადად, ეს პირიქით ხდება ხოლმე, მაგრამ დღეს ეს ქართველმა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა იმ მატჩში, სადაც მესი თამაშობდა, ისტორიაში პირველად გაიტანა გოლი. არადა, არგენტინელის წინააღმდეგ სალუქვაძეს, ანანიძესა და სხვებს უთამაშიათ.
მესის რომ თავი დავანებოთ, დღეს ლობჟანიძის ატლანტას წინააღმდეგ ისეთი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ხორდი ალბა, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი არიან. ლობჟანიძემ კი ყველაზე მაღალი, 8.8 შეფასება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის ლობჟანიძეს კარიერაში ბევრი რთული მომენტი ჰქონდა, სირთულეები გადალახა, დღეს მაინც პროგრესი აქვს და ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში ხვდება. ყველას კარგად გვახსოვს, 2020 წელს, ერთა ლიგის ფინალში, ბელარუსთან მატჩში ლობჟანიძე ვაისმა არ ათამაშა და სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ეს ფაქტი და ზოგადად ნაკრების მარცხი საბამ ძალიან განიცადა.
ამის შემდეგ, კლუბში არეული სიტუაცია იყო. მოგეხსენებათ, თურქეთის ქალაქ ჰატაიში დიდი მიწისძვრა მოხდა და ქალაქში ტრაგედია დატრიალდა. იმ დროს, ლობჟანიძე ჰატაისპორში თამაშობდა და წამოსვლა მოუწია.
2024 წლის მარტში, ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ისტორიული წარმატების მონაწილე ვერ გახდა, მაგრამ ამ 2 თვეში იმდენი ქნა, რომ სანიოლის ნდობა დაიმსახურა. მის ანგარიშზე წელს 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
დღეს, ლობჟანიძემ მესი დაამწუხრა და დუბლი შეუსრულა, ახლა ჯერი მსოფლიოს კიდევ ერთი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ გაბრწყინებაზეა. ერთ თვეში, ევრო 2024-ზე საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება.