დღევანდელი უოტფორდი გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი თავისი გუნდის ლიდერია და ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელი. ქართველი გამთამაშებელი მოწინავე პოზიციებზეა ისეთ კომპონენტებში, როგორიც არის წარმატებულად განხორციელებული დრიბლინგების რაოდენობა და საკვანძო პასები.
"ყვითლების" შემტევ ნახევარმცველს აქებს არაერთი საფეხბურთო ექსპერტი, BBC კი მას ჩემპიონშიპის საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებს. მისთვის შედეგიანი აღმოჩნდა 2025 წლის პირველი მატჩიც ქუინს პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ, რომელშიც ჰერტფორდშირელთა მე-8 ნომერმა საკუთარ ანგარშზე ასისტი მიითვალა.
25 წლის შემტევ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში უკვე ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, Transfermarkt-ი ჩაკვეტაძეს სულ რაღაც €4 მილიონად აფასებს. ჩემპიონშიპის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიაში ის 98-100 პოზიციებს 2 ფეხბურთელთან ერთად იყოფს.
რაც შეეხება კლუბის პოზიციას, ქართველ შემტევ ნახევარმცველს "ოქროს ბიჭები" 20-25 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა მისი გაყიდვა არ განიხილება. გიორგის კონტრაქტი ვიკარიჯ როუდის ბინადრებთან გათვლილია 2029 წლამდე და კლუბი პრემიერ ლიგაში აღზევებას სწორედ მასთან ერთად გეგმავს.