2024 წლის 24 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ერთმანეთს ბორდო და გენგამი უპირისპირდებოდნენ, როცა მატჩის მე-10 წუთზე, მძიმე შეჯახების შედეგად მოედნიდან ბორდოს ფეხბურთელი ალბერტ ელისი გაიყვანეს.
ჰონდურასელი ფეხბურთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საავამდყოფოში იწვა და კომაში იყო, ახლა კი ის გამოწერეს და ჰონდურასის მესამე ლიგის გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
"რომ გავიღვიძე, აღარ მახსოვდა, რომ ფეხბურთელი ვიყავი, ჩემი სახელიც არ მახსოვდა, არც ის, საიდან ვიყავი წარმოშობით.
საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგადაა და ძალიან მინდა, რომ დიდ ფეხბურთს დავუბრუნდე. ამჟამად, ჩემი მთავარი მოტივაცია ესაა", - განაცხადა ელისმა.
ბორდოს ელისის შენარჩუნება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ისე დაემთხვა, რომ სეზონის ბოლოს გუნდი გაკოტრდა და ელისს საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნება მოუწია.
ცნობისთვის, იმ შეხვედრაში მონაწილეობას ზურიკო დავითაშვილიც იღებდა. ზურიკო ელისის თანაგუნდელი იყო.