შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი კოდუა გახდა, რომელიც ომანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე იასპარეზებს. მეორე ადგილზე ირაკლი როშნიაშვილი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია დემეტრე როგავამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარ ფავორიტს, მევლუდ მელაძეს ბოლო გარბენზე ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.

"Red Bull Car Park Drift-ზე პირველად მონაწილეობა 2021 წელს მივიღე. მას მერე მთელი წელი ვემზადებოდი, რომ ეს შეჯიბრება მომეგო. 2022 წლის გამარჯვების შემდეგ, როცა საუდის არაბეთში გავემგზავრე მსოფლიო ფინალზე, საქართველო, ავტომობილის ტექნიკური პრობლემების გამო, სათანადოდ ვერ ვასახელე და მაშინ დავდე პირობა, რომ შემდეგ Red Bull Car Park Drift-ს ისევ მოვიგებდი" — განაცხადა გამარჯვებულმა, გიორგი კოდუამ.

საქართველოს შესარჩევს ესტუმრა რედ ბულის ათლეტი, შეჯიბრების იდეის ავტორი, ლიბანელი ავტოსპორტსმენი აბდო ფეგალი, რომელმაც მაყურებლისთვის დრიფტის შოუ ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, ტატო გრიგალაშვილსა და გენო პეტრიაშვილთან ერთად გამართა.

Red Bull Car Park Drift საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში მეხუთედ (2019, 2020, 2021, 2022) ჩატარდა — მასში მონაწილეობა შეეძლოთ პროფესიონალებსა და მოყვარულ დრიფტერებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი.
შეჯიბრების ფოტო-ვიდეო: www.redbullcontentpool.com








