ლიონის ოლიმპიკის გულშემატკივრების ვებგვერდმა გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ის ამ კლუბის აკადემიაში 2008-2015 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც მას სენტ-პრესტის აკადემიაში გადასვლა მოუწია. ქართველი ფორვარდის შესახებ საუბრობს "ლომების" ტექნიკური დირექტორი, ჟან-ფრანსუა ვული და მოთამაშის და.
"მიქაუტაძე იყო ტანდაბალი. ასაკის მატება გვიან დაეტყო. მას არ ჰქონდა საკმარისი ფიზიკური მონაცემები იმისთვის, რომ თანატოლებისთვის კონკურენცია გაეწია. ვგულისხმობ ლეპაულს, ბალულისა და გურის", - იხსენებს ფრანგი სელექციონერი.
ცნობისთვის, აღნიშნული 3-ეულიდან ლიგა 1-ში თამაშობს მხოლოდ გური, რენში.
"გუშინდელი დღესავით მახსოვს. ეს ჩვენთვის მძიმე დარტყმა იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვიდექით ლიონის საწვრთნელი ცენტრის ავტოსადგომზე, არ გვსურდა იქიდან წასვლა, მაგრამ მოგვიწია. შემდეგ დავბრუნდით სახლში, დავსხედით და დავილაპარაკეთ, როგორ დაგვემშვიდებინა და გაგვემხნევებინა ის", - იხსენებს ქართველი ფორვარდის ოჯახის წევრი.
ოლიმპიკიდან წასვლის შემდეგ, ჟორჟმა საკუთარი თავი მეცში იპოვა. მას კლუბი ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარა. დღეს, ეს გუნდი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ლოთარინგიელთა მთავარი იმედია. ამ გუნდის რიგებში მის ანგარიშზე 58 მატჩში 34 ბურთია.