თანამედროვე სხვადასხვა გამოწვევებისა და ონლაინ სივრცის ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესი.
გარდა სხეულის სიჯანსაღისა, სამყაროს დასაბამიდან ადამიანებს სურთ მიაღწიონ სულიერ სიმშვიდეს, ბალანსს სულსა და სხეულს შორის, რაც სხვადასხვა ფიზიკური თერაპიითაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ფიზიკური აქტივობა, ფიტნესი და სხვადასხვა ვარჯიში ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
ფიზიკურ აქტივობას არ აქვს სქესი და ასაკი, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მისთვის მოსახერხებელი მიმართულება იპოვოს და სასურველი შედეგი მიიღოს.
ვარჯიშის აუცილებლობაზე, ასაკობრივ დაყოფასა და დაინტერესებულთათვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ, Lagazzetta.ge-სთან Axis Towers Wellness Center-ის მენეჯერმა, თინათინ ელიოზიშვილმა ისაუბრა:
- რატომ არის ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი?
- ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ასევე საუკეთესო პრევენციაა დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის. ვარჯიში ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს, აუმჯობესებს აზროვნების, სწავლისა და კრიტიკული სიტუაციების მართვისა თუ შეფასების უნარს.
- ასაკობრივი დაყოფის გათვალისწინებით, ფიზიკური აქტივობის ან სპორტის რომელი სახეობაა რეკომენდებული?
- ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია აერობული და ძალისმიერი ვარჯიში. მწვრთნელის მიერ სწორად უნდა იქნეს შერჩეული დატვირთვის ინტენსივობა მოზარდებში, ასაკოვან ადამიანებსა და ორსულებში.
სპორტის სახეობას რაც შეეხება, ოთხივე სტილით ცურვა არის იდეალური გამოსავალი ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

- იზრდება თუ არა მომხმარებელთა რაოდენობა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად?
- მომხმარებლის რაოდენობა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ფიზიკური დატვირთვა არ არის ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელი აუზს ანიჭებს უპირატესობას, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად რუჯის მოყვარული მომხმარებელი გვემატება. ვცდილობთ, შევცვალოთ ტენდენცია და ზაფხულშიც აქტიურად დავტვირთოთ ფიტნესი.
- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიში იყოს სისტემატური და არა სეზონური?
- ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიში არ იყოს მხოლოდ სეზონური და ყველასთვის გახდეს ყოველკვირეული რუტინა. რეგულარული ვარჯიში უზრუნველყოფს სხეულის სტაბილურ სიჯანსაღესა და ბალანსს. პერიოდული ვარჯიში, ნიშნავს თავიდან დაწყებას, როცა სხეული ფორმაში შედის და წყვეტთ ვარჯიშს, შემდეგ ჯერზე კვლავ თავიდან გიწევთ იმავე პერიოდის გავლა და გამოდის რომ სულ ერთი და იმავე წრეზე ტრიალებთ, ასე კი გრძელვადიანი, სტაბილურ შედეგის მიღება რთულია.
- იმისთვის რომ ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, კვირაში საშუალოდ რამდენი საათით უნდა იყო დაკავებული სპორტით?
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, სასურველია კვირაში 300 წუთი ზომიერი ინტენსივობის აერობული დატვირთვა ან კვირაში 150 წუთი მაღალ-ინტენსიური აერობული დატვირთვით ვარჯიში.
აღსანიშნავია, რომ ნაკლები მოძრაობა 20%-ით ზრდის ყველა სხვადასხვა დაავადების რისკს.














