თავისი მე-14 დაბადების დღის წინ, კილიან მბაპემ მიიღო მოულოდნელი საჩუქარი - მამამისს, უილფრიდს, დაურეკეს მადრიდის რეალიდან, სიტყვებით - "ზიდანს სურს თქვენი შვილის ხილვა მადრიდული კლუბის აკადემიაში". ლეგენდარული ფეხბურთელი იმ დროს ჯერ კიდევ სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
ზინედინს ძალიან მოეწონა პატარა კილიანის თამაში და ის მთელი ძალებით ცდილობდა მოზარდის "სამეფო კლუბში" დატოვებას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, საფრანგეთის ეროვნული გუნდის მომავალ კაპიტანს მოუწია "ბლანკოსის" დატოვება და ამის მიზეზი მშობლების გადაწყვეტილება იყო.
"მათ სურდათ, რომ კარიერა სამშობლოში დამეწყო, ასევე, განათლებაც იქ მიმეღო", - იტყვის მოგვიანებით სანტიაგო ბერნაბეუზე გადასული თავდამსხმელი.
ასევე, აღნიშნული საკითხის შესახებ ისაუბრა 25 წლის ფორვარდის ბიძამ, პიერმა:
"დიახ, ზიდანის ჩართულობა და ინტერესი სასიამოვნო იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ 14 წლის მოზარდის შესახებ, რომელსაც ესპანეთში ცხოვრება მოუწევდა.
სხვა ქვეყანა, სხვა კულტურა. რეალის წარმომადგენლები ბევრს გვესაუბრებოდნენ სამომავლო გეგმების შესახებ, თუმცა კილიანი იმ დროს ძალიან პატარა იყო. დავუშვათ გადავიდოდა ის მადრიდში, რა იქნებოდა შემდეგ?", - აცხადებდა ფრანგი ფორვარდის ბიძა.