ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის გარშემო ბევრი გაურკვევლობაა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე იყო საუბრები, რომ აღნიშნული დაპირისპირება შედგებოდა აგვისტო-სექტემბერში, მაგრამ კონკრეტული თარიღი ახლაც არ არის დადგენილი. ქართველმა ჩემპიონმა მეტოქე არაერთხელ გამოიწვია, მაგრამ მისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ შეინიშნება.
რამდენიმე დღის წინ, "ელ მატადორმა" ვრცელი ინტერვიუ მისცა Marca-ს, რომელშიც ჰავაელთან შესაძლო ბრძოლის შესახებაც ისაუბრა:
"ამბობენ, რომ მე ჩხუბზე უარს ვამბობ? სისულელეა. ჰოლოუეისთან ბრძოლისთვის ნებისმიერ დროს მზად ვარ. თარიღს არ აქვს მნიშვნელობა, ველოდები მის ზარსა და კონტრაქტზე ხელის მოწერას", - განაცხადა 27 წლის ჩემპიონმა.
ცნობისთვის, თოფურია განიხილავს სხვა მოწინააღმდეგეებსაც, იმ შემთხვევაში, თუ 32 წლის მებრძოლი საბოლოოდ უარს იტყვის:
"ჩემი მიზანი აბუ-დაბიში ჩხუბია. იმედი მაქვს, რომ ვინმე გამომეხმაურება. ჰოლოუეი? თავდაპირველად მან ძალების აღდგენისთვის დრო ითხოვა, შემდეგ კი წონის დაგდებაზე. შემდეგ მაქსმა ოჯახური პრობლემების შესახებ ისაუბრა.
არ ვიცი, რეალურად რა ხდება ჰავაელის გარშემო, თავად ჰკითხეთ მას", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
ჰოლოუეის მხირდან პასუხმა არ დააყოვნა: "ყველაფერს იგონებს. ჩხუბზე თანახმა ვიყავი, უარი თავად თოფურიამ განაცხადა".
ამის შემდეგ, ჩემპიონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ნებისმიერ დროს არის ბრძოლისთვის მზად.
დრო მიდის, ბრძოლის თარიღი კი ოფიციალურად ჯერაც არ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ MMA-ს ერთ-ერთმა მთავარმა ინსაიდერმა, არიელ ჰელვანიმ განაცხადა, რომ მათი ჩხუბი ჩანიშნულია ოქტომბრისთვის, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ პრომო კამპანიის ნაწილია.