ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასი მატჩი - ასეთი აფიშა აქვს დღევანდელ 1/8-ფინალურ მატჩს, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან.
შეიძლება, ამ ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტები სხვებიც არიან - რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, თუმცა პსჟ-სა და ლივერპულის ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე, საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ მათი დაპირისპირება მართლაც ნაადრევი ფინალის ტოლფასია.
LaGazzetta.ge პარიზშია და აქტიურად გაგაცნობთ ამ მატჩის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მატჩისთვის პარიზს ბევრი ქართველი ეწვია და სტადიონზე ქართულ დროშებსაც ვიხილავთ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, პარკ დე ფრანსის ცენტრალურ სტადიონზე არცერთ გუნდს არ უვარჯიშია. პსჟ-მ თავის ბაზაზე ივარჯიშა და მატჩისწინა პრესკონფერენციაც იქ გამართა, ლივერპულმა კი საერთოდ ინგლისშივე ივარჯიშა და პირდაპირ გამოფრინდა საფრანგეთში.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა. LaGazzetta.ge-ს კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე, მან ასეთი პასუხი გასცა: "დიდებული ფეხბურთელია, მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა. მახსოვს, როგორ თამაშობდა ის სპალეტის ნაპოლიში."
ასეთი დონის მწვრთნელისგან მსგავსი დახასიათება სასიამოვნოა, თან კარგად გვახსოვს, რომ 3 წლის წინ, კვარაცხელიამ ლივერპულის წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
პარიზში ნამდვილი საფეხბურთო ამინდი და გარემოა. ნერვიულობა იგრძნობა და ყველამ კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს. ჩვენ ასევე საშუალება მოგვეცა ბრიტანული გავლენიანი გამოცემების წარმომადგენლებსაც გავსაუბრებოდით. ისინი შანსებს 50-50-ზე აფასებენ და თვლიან, რომ კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
პარიზელთა მთავარი არენა საკმაოდ ლამაზი და ორგანიზებულია. პსჟ-ს საინტერესო პროექტი აქვს, რაც მათ ფეხბურთელებს მატჩის წინ დიდ მოტივაციას აძლევს ხოლმე - სტადიონის შიდა სივრცეში, დერეფნებში დიდი ბანერებია, სადაც პსჟ-ს ისტორიაში გამორჩეული მატჩები და გამარჯვებებია ასახული.
იმედია, მალე ამ ბანერებს შორის პსჟ-ს დღევანდელი შემადგენლობის ამსახველი კადრებიც იქნება, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად.
პსჟ-სა და ლივერპულის მატჩი ევროპული დროით 21:00 საათზე დაიწყება, ეს ის დროა, როცა ეიფელის კოშკი ნათდება. დღეს, პარკ დე ფრანსი და ეიფელი ერთდროულად განათდება, ამ პერიოდში პარიზი ღრმად ჩაისუნთქავს და 2 საათის განმავლობაში დიდ სანახაობას მიადევნებს თვალს.