დღეს, 29 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც ბარსელონა ვალენსიას უმასპინძლებს. განვიხილოთ ყველაფერი აქტუალური და საინტერესო კატალონიელებისა და "ღამურების" შესახებ.
ელ კლასიკოში მარცხის შემდეგ, "ბლაუგრანასთვის", შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულია. მადრიდის რეალთან ჩამორჩენა ამ დროისთვის 14 ქულას შეადგენს. "ლოს ჩე" კი 48 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. ჩვენთვის უდიდეს ინტერესს გიორგი მამარდაშვილი იწვევს, რომელიც ინდივიდუალური თვალსაზრისით გამორჩეულ სეზონს ატარებს.
ქართველი მეკარე რიკარდო ზამორას ჯილდოსთვის იბრძვის, მან სეზონის განმავლობაში "მურსელაგოსის" შემადგენლობაში რამდენიმე რეკორდის დამყარებაც მოასწრო. უნდა აღინიშნოს, რომ მესტალიელთა კარის დარაჯისთვის ბარსა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგ მან 4 მატჩში 7 ბურთი გაუშვა.
ჩავი ერნანდესი (ბარსელონას მწვრთნელი): "ჩვენი მიზანი მეორე ადგილზე დამკვიდრებაა და ვიცი, რომ ვალენსია ხელის შეშლას ეცდება. ვეთამაშებით საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, რომელიც ბარახას ხელში მართლაც სახიფათოა. მომავალ სეზონზე საუბარი არ ღირს, ჯერ მიმდინარე სეზონი გვაქვს ჩასამთავრებელი".
რუბენ ბარახა (ვალენსიას მწვრთნელი): "ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთული და განსაკუთრებულია. მათ აქვთ თავისი მიზნები, ჩვენ კი - ჩვენი. ვეცდებით მაქსიმალური შედეგის დადებასა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსწორებას. კატალონიელებთან მატჩი ბევრ კითხვას პასუხს გასცემს".
სავარაუდო შემადგენლობა
ბარსელონა - ვალენსია:
ლა ლიგა, 33-ე ტური;
29 აპრილი, 23:00 საათი;
ოლიმპიკ ლუი კომპანისი, ბარსელონა;
მთავარი მსაჯი: რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩია.