დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იბერიასა და ბაშაქშეჰირს შორის. მოგეხსენებათ, იბერია ერთადერთი გუნდი დარჩა, რომელიც ქართულ ფეხბურთს წლევანდელ ევროტურნირებზე წარადგენს.
მეტოქე საკმაოდ ძლიერია, თუმცა პირველი მატჩი თბილისშია და მიხეილ მესხის სტადიონი სავსე ტრიბუნების მოლოდინშია.
იბერიამ წინა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასპარეზობას ალბანური პარტიზანი გამოთიშა და ბოლო 2 კვირაში საკმაოდ მჭიდრო კალენდარი ჰქონდა. გუნდმა ვერც საქართველოს თასზე მოიგო და ვერც ჩემპიონატში. როგორც ჩანს, ისინი სრულად კონცეტრირებულები არიან ევროტურნირებზე.
რაც შეეხება ბაშაქშეჰირს, თურქეთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა სან მარინოს ლა ფიორიტას ბარიერი უმარტივესად დაძლია და მეტოქე ორი მატჩის ჯამში 10:1 დაამარცხა.
მატჩის დაწყების წინ, პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული, ძიუდისტი ლაშა ბექაური მაყურებელს თავის ოქროს მედალს წარუდგენს.
ლევან კორღალიძე: "უკვე დიდი ხანია, იბერიას მთავარი ხედვა ბურთის კონტროლი და გააზრებული თამაშია. ასე უნდა ვითამაშოთ ხვალაც. ძლიერ მეტოქეს ვხვდებით, თუმცა ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. რა თქმა უნდა, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენი მიზანია, ბურთი დიდხანს გვეჭიროს და შესაბამისად, მეტოქემ ბევრი მომენტი არ შეგვიქმნას. ფინანსური ამბები კარგია, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ქართველი ხალხის გახარებაა და ამ მიზნისთვის ვთამაშობთ. მჭიდრო კალენდარი გვქონდა, მაგრამ არაუშავს, ეს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს.:
გიორგი კოხრეიძე: "საქართველოს ნაკრების წარმატებამ დიდი მოტივაცია მოგვა და შევეცდებით, ჩვენც გავახაროთ გულშემატკივრები. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ ყველას ვთხოვ, მოვიდეს სტადიონზე. გუნდში კარგი განწყობაა. ფიზიკური დაღლილობა იმ გამარჯვებამ და ემოციებმა ჩამოცალა, რაც წინა ეტაპზე მივიღეთ, ამიტომ მზად ვართ ბაშაკშეჰირთან თამაშისთვის"
იბერია-ბაშაქშეჰირი
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
8 აგვისტო, 20:00
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
მთავარი მსაჯი: დევიდ დიკინსონი (შოტლანდია)
სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, ნონიკაშვილი, ტაბატაძე, კოხრეიძე, მამაგეიშვილი, სიხარულიძე.