დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვედეთის ჩემპიონებს - იბერიასა და მალმიოს შორის.
ფურცელზე ფავორიტად მალმიოს მიიჩნევენ, თუმცა იბერია ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოემზადა როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა და მზად არიან, რომ სენსაცია შემოგვთავაზონ.
ევროტურნირების წინ, იბერიამ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა და ლეგიონერები დაიმატა. მათ გუნდთან ერთად უკვე სრულად ივარჯიშეს და მალმიოსთან მატჩისთვის მზად არიან.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პირველ ადგილზეა და დაუმარცხებელია. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ კლუბი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, ლევან კორღალიძემ გუნდის გადაწყობა და კვლავ მაღალ დონეზე თამაში შეძლო.
რაც შეეხება მალმიოს, შვედეთის ჩემპიონატი მათ მძიმედ დაიწყეს, 15 ტურის შემდეგ მხოლოდ 24 ქლა აქვთ და მე-5 პოზიციას იკავებენ.
ლევან კორღალიძე (იბერიას მწვრთნელი):"მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ბულგარეთში ვიყავით, შეკრება იქ გავიარეთ და ჩემი ფეხბურთელები მზად არიან, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.სუპერთასს რაც შეეხება, ამ ტურნირზე რაღაცეები ისე დავგეგმეთ, რაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე გამოგვეყენებინა. ცალი თვალით მაინც ჩემპიონთა ლიგისკენ ვიყურებოდი.შინ თამაშის უპირატესობა გვაქვს, გულშემატკივრები იქნებიან და ამის იმედი გვაქვს. ვფიქრობ, ეს მეტოქესთან შედარებით დიდი უპირატესობა იქნება.მალმიო განვიხილეთ, საკმაოდ გამოცდილი გუნდია. დიდი ხანია ერთად თამაშობენ და შეთამაშებულები არიან. მათ საკმაოდ მობილური ფეხბურთელები ჰყავთ",
გიზი მამაგეიშვილი (იბერიას ფეხბურთელი): "მთლიანად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვარ კონცეტრირებული. გუნდთან ერთად მოსამზადებელი შეკრება არ გამივლია, თუმცა ყველანაირად მზად ვარ.ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. იმედია მაქვს, ხვალ გულშემატკივარი მოვა და გვერდში დაგვიდგება"
იბერია - მალმიო
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
8 ივლისი, 20:00
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
მთავარი მსაჯი: იგორ სტოიჩევსკი (მაკედონია)
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, ზოჰური, აგიაკვა, ჯგერენაია, გელაშვილი, გ.ტაბატაძე, ქარდავა, მამაგეიშვილი, კლასი, ი.ტაბატაძე, სიხარულიძე

![[პრევიუ] ჩემპიონათა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი - იბერია მალმიოს წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LU4PJshOlHvDodMFZfGpIc4iYdi5Mzf.webp&w=3840&q=75)






