2026 წლის სტარტი ლივერპულისთვის გამოდგა წარუმატებელი - უგოლო ფრე საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ ლიდს იუნაიტედთან. აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული და ისტორიულიც კი იყო მერსისაიდელთა გოლკიპერისთვის, ალისონ ბეკერისთვის, რომელიც გახდა რიგით მე-20 კარის დარაჯი ინგლისის ჩემპიონატში 100 უგოლო თამაშით.
ბრაზილიელი მეკარე 100 მშრალი მატჩის ნიშნულამდე 241-ე თამაშზე მივიდა. ლიდერი ამ მხრივ არის ჩელსისა და არსენალის ყოფილი გოლკიპერი, პეტრ ჩეხი, 202 უგოლო შეხვედრით. 3-ეულში ასევე არიან დევიდ ჯეიმსი (169) და მარკ შვარცერი (152). აღსანიშნავია ისიც, რომ "წითლების" კარის დარაჯი არის ინგლისის ჩემპიონატის ერთადერთი მოქმედი მოთამაშე ამ 20-ეულიდან.








