ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბის, ვალენსიას კრიზისი და პრობლემები სამწუხაროდ ისევ გრძელდება. რუბენ ბარახას გუნდმა ახალი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და 10 ტურის შემდეგ, 6 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს. მხოლოდ ერთი გამარჯვება, 3 ფრე, 6 მარცხი და 16 გაშვებული გოლი... სიტუაცია თუ მალე არ გამოსწორდება, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონის ბოლოს "ღამურები" ლა ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.
გუნდის საშინელი სიტუაციის ფონზე, ფანების პროტესტი სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. ვალენსია სულ რამდენიმე საათის წინ ლას პალმასთან დამარცხდა, რასაც გულშემატკივრების ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა. მესტალიასთან ათასობით ვალენსიელი შეიკრიბა, რომლებიც კლუბის მფლობელის, პიტერ ლიმის წასვლას ითხოვდნენ.
ფანების პროტესტი ამ სეზონში არ დაწყებულა — 70 წლის სინგაპურელი მფლობელის წასვლას გულშემატკივრები უკვე რამდენიმე წელია რაც ითხოვენ. ლიმი ვალენსიას 2014 წლიდან მოყოლებული ფლობს და ამ დროის განმავლობაში, კლუბს დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა, რაც გუნდის შედეგებზე ძალიან ცუდად აისახა. დღეს მესტალიას ბინადრები აღარ ითვლებიან ანგარიშგასაწევ გუნდად და სამწუხაროდ მათი ლა ლიგაში დარჩენის საკითხი, დღის წესრიგში დგას.