ხვიჩა კვარაცხელიამ პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში კვლავ გაიბრწყინა. ლიონის ოლიმპიკთან შეხვედრაში მან გაიფორმა საგოლე გადაცემა და ამის გარდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი ვინგერი დასახელდა. მის წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა Calcionapoli24 და აღნიშნა, რომ ნაპოლის ექს-ლიდერი პსჟ-შიც დიეგო მარადონასავით თამაშობს.
"ლიონთან გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ კვარაცხელია იყო. მან მოედანზე დაჰყო 68 წუთი და ამ დროის მანძილზე ვიხილეთ სახიფათო მომენტების მთელი სერია. ხვიჩა სრულიად დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და მარადონას მსგავსად თამაშს ის ახალ კლუბშიც აგრძელებს", - წერს იტალიური პრესა.
შეგახსენებთ, რომ პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ, ქართველმა შემტევმა მოასწრო ორი გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაფორმება. ამის გარდა, "ლურჯ-წითლების" ვინგერი გახდა პირველი ქართველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი ჯგუფური ეტაპის შემდეგაც გაიტანა.