პარიზი 2024, XV დღე — გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის ტრიუმფის მოლოდინი

თავისუფალი სტილით ჭიდაობის 125 კგ. წონით კატეგორიაში გუშინ სამი ორთაბრძოლა მოიგო გენო პეტრიაშვილმა და ფინალში გავიდა, სადაც ირანელ ამირ ჰოსეინ ზარე დაუპირისპირდება. ქართველ მოჭიდავეს ოლიმპიადაზე ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული და დღეს ოქროს მოგებას შეეცდება. თავისუფალი სტილით ჭიდაობის ფინალური ბლოკი 20 საათსა და 15 წუთზე აიღებს სტარტს.
ძალოსნობის მძიმე წონის უპირობო ფავორიტია ლაშა ტალახაძე, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და დღეს მესამე ოქროს მედალს შეუტევს. ქართველი ძალოსანი 9 წელია წონის ლიდერია და ორ ოლიმპიურ ოქროსთან ერთად 7-7 ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული. ლაშა ტალახაძე ასპარეზობას 22:30 საათიდან დაიწყებს.
ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს ძალოსნობის 102 კგ. წონით კატეგორიაში. ირაკლი 2023 წლის ევროპის ვიცეჩემპიონია და ოლიმპიადაზე მისი დებიუტი შედგება. 25 წლის ქართველი ძალოსნის ანგარიშზე ორი ახალგაზრდული მსოფლიოს და ერთი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ოქროა. ის ასევე, ფლობს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტულს. ირაკლი ჩხეიძე ფიცარნაგზე 13:30 საათიდან გამოვა.
გენო პეტრიაშვილის გარდა, დღეს ოლიმპიადაზე კიდევ ორი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჩაერთვება და წინასწარ ორთაბრძოლებს გამართავს. 65 კგ. წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილი 1/8 ფინალში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, სომეხ ვაზგენ ტავანიანს შეხვდება. პარიზის ოლიმპიადაზე მოქმედი ევროპის ჩემპიონის სტატუსით იჭიდავებს 97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი და პირველ ორთაბრძოლაში სამხრეთ აფრიკელ ნოკოლას დე ლანგეს დაუპირისპირდება. გივი მაჭარაშვილს ევროპის ჩემპიონატის 2 ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატის 2 ბრინჯაო უმაგრებს ზურგს. თავისუფალი სტილით ჭიდაობის წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.







