სიმბოლურია, რომ ქართველი სპორტსმენებიდან მსოფლიოს ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე რიგით პირველი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე გამოვა, რომელიც ზედიზედ მეათე ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას — აღნიშნული შედეგით 55 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი კანადელ იან მილართან ერთად თანარეკორდსმენი გახდება.
ნინო სალუქვაძე სპორტულ კარიერას 1986 წელს ხმაურიანად იწყებს, როდესაც 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი ხდება და მომდევნო წელს, აღნიშნულ ტიტულს წარმატებით იცავს. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის წარმატება უყურადღებოდ არ დარჩენილა და 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხდა.
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშებში, რომელსაც სამხრეთ კორეის დედაქალაქმა სეულმა უმასპინძლა, 19 წლის ნინო სალუქვაძემ ორი მედალი მოიპოვა — 25 მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონი გახდა, ხოლო 10 მეტრზე - ვერცხლის მედლის მფლობელი.

სეულის ოლიმპიადის შემდეგ, ნინო სალუქვაძემ ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე კი გაერთიანებული გუნდის სახელით მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-5 და მე-10 ადგილს დასჯერდა. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით კი ნინო სალუქვაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ნინო სალუქვაძემ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, რომელიც ატლანტაში ჩატარდა და მე-7 და მე-5 ადგილები დაიკავა — მას შემდეგ კი არცერთი ზაფხულის ოლიმპიადა არ გამოუტოვებია.
საქართველოსთვის ყველაზე მძიმე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა გამოდგა, სადაც ქართველ სპორტსმენებს რუსული აგრესიის პარალელურად უწევდათ მედლებისთვის ბრძოლა. ნინო სალუქვაძემ პეკინში, 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური თამაშების მედლების კომპლექტი შეავსო.

აღსანიშნავია, რომ 1989 წელს ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიდან სროლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელსაც 2018 წლამდე ერთპიროვნულად ფლობდა — 2018 წელს კი იგივე შედეგი გაიმეორა ინდოელმა მანუ ბაკერმა და თანარეკორდსმენი გახდა.
2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიადაზე მიიღეს მონაწილეობა.

ქართული სპორტის ლეგენდა, ნინო სალუქვაძის განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე:
27 ივლისი — 11:00 -15:45 ტყვიის სროლა პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრიან დისტანციაზე, კვალიფიკაცია
28 ივლისი — 11:30 - 15:05 ტყვიის სროლა პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრიან დისტანციაზე, ფინალი
2 აგვისტო — 11:00 - 16:00 ტყვიის სროლა 25 მეტრიან დისტანციაზე, კვალიფიკაცია
3 აგვისტო — 11:30 - 12:50 ტყვიის სროლა 25 მეტრიან დისტანციაზე, ფინალი









