ოლიმპიურ თამაშებში პირველი მოცურავე ანა ნიჟარაძე ჩაერთო, რომელიც 15 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელი გახდა და ქართული სპორტის ისტორიაში შევიდა. ბატერფლაი სტილით ცურვის 100 მეტრიან დისტანციაზე მან 28-ე ადგილი დაიკავა და საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა.
გიორგი სარდალაშვილი ძიუდოს 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა კარგად დაიწყო და პირველი ორთაბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკის წინააღმდეგ დამაჯერებლად მოიგო. 1/4 ფინალში კი მოულოდნელად თურქ იდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.
რეპეშაჟის 1/2 ფინალში, გიორგი სარდალაშვილმა სამხრეთ კორეელი კიმი იპონი დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გავიდა. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში, ქართველ ძიუდოისტს ესპანელმა გარიგოსმა მოიგო და სადებიუტო ოლიმპიადაზე გიორგი სარდალაშვილი უმედლოდ დარჩა.
პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ მიიღო, რომელიც მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს და კანადელი იან მილარის რეკორდი გაიმეორა.
ქართველმა მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 562 ქულა დააგროვა, 38-ე ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის მიღმა აღმოჩნდა. ნინო სალუქვაძე 2 აგვისტოს 25 მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
დრამატულად განვითარდა მოვლენები ფარიკაობაში, სადაც საქართველოს ღირსებას სანდრო ბაზაძე იცავდა, რომელმაც 1/16 ფინალში მექსიკელი ზეა 15-6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქართველი მოფარიკავის მეტოქე 1/8 ფინალში ეგვიპტელი მოჰამედ ამერი იყო — ორთაბრძოლა ეგვიპტელმა უკეთ დაიწყო და დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, სანდრო ბაზაძემ შეხვედრა შემოატრიალა და ანგარიში 14-14 გახდა. გადამწყვეტი ქულა კი მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილებით ამერს მიანიჭეს და ქართველი სპორტსმენი უმედლოდ დარჩა.
მსაჯების გადაწყვეტილება სანდრო ბაზაძემ გააპროტესტა, თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა და გამარჯვება ეგვიპტელს დარჩა. LaGazzetta.ge-სთან ექსკლუზიურ კომენტარში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და სანდრო ბაზაძის მამამ, მერაბ ბაზაძემ განაცხადა, რომ მსაჯები კორუმპირებულები არიან და აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს საპროტესტო წერილი გაუგზავნა.









