რიადში გაიმართა საკრივო დუელი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში, ენტონი ჯოშუა და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონით დივიზიონში, ფრენსის ნგანუ. ბრძოლა ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც თავისი მეტოქე მე-2 რაუნდში ნოკაუტში გაუშვა.
კამერუნელი ორჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში, მეორე რაუნდში კი ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. მას გონზე მოსასვლელად ჟანგბადის ნიღაბიც კი დასჭირდა. შეგახსენებთ, UFC-დან წამოსვლის შემდეგ, "მტაცებლისთვის" ეს რიგით მე-2 ბრძოლა იყო კრივში. მისი პირველი მეტოქე გახლდათ ტაისონ ფიური, რომელთანაც ასევე დამარცხდა.
ბევრის აზრით, "ჯიპსი კინგთან" ბრძოლაში 37 წლის ყოფილი ჩემპიონი მოგებას იმსახურებდა, თუმცა "ეიჯეისთან" დაპირისპირებაში კითხვები არ დარჩა. ეს იყო რიგით 28-ე მოგება ჯოშუას საკრივო კარიერაში, ნგანუს კი სპორტის ამ სახეობაში ჯერჯერობით 2/2 მარცხი აქვს.
აქვე დავამატებთ, შერეული საბრძოლო ხელოვნებების სამყარო კამერუნელმა 17 მოგებით დატოვა.