ნინო სალუქვაძე ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ქართველ ჩემპიონს ერთდროულად ორი მიმართულებით მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული. სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე 1988 წლიდან ასპარეზობს და 2024 წელს პარიზში კარიერაში მე-10 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.
რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა. დღეს კი ნინო სალუქვაძეს რეკორდების დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატები საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა გადასცა.
ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქართველი ოლიმპიელი, რომელმაც გინესის რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.
"მე არ ვარ მეოცნებე ადამიანი, ყოველთვის პრაქტიკულად ვუდგები სიტუაციას. არასდროს მქონია ოცნებაც კი რომ ოდესმე შესაძლებელი იყო გინესის რეკორდსმენი გავმხდარიყავი. ალბათ ეს არის ჩემი შრომის არა დაფასება, არამედ შეფასება. ვამაყობ, რომ იმ გრაფაში სადაც გინესის რეკორდი არის დაფიქსირებული, ჩემნი გვარის გასწვრივ წერია ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა - GEORGIA,/საქართველო რითაც ვამაყობ და კიდევ ერთხელ გავაცნობ მთელ მსოფლიოს საქართველოს, მიხარია, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში, პატარა წვლილი ჩემი ქვეყნისთვის მეც შევიტანე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, რეკორდების ფედერაცია, მის პრეზიდენტს, დავით ბეგიაშვილს აქამდე არ ვიცნობდი, თუმცა ოპერატიულად მოაწესრიგა ყველაფერი, რათა მიმეღო შესაბამისი სერტიფიკატები. მადლობა ჩემს მეგობრებს ადა მოწაფეებს, მიხარია რომ ტყვიის სროლაში ჩვენი წარმატებები იზრდება და იმედი მაქვს ჩემ საქმეს ჩემი მოწაფეების ღირსეულად გააგრძელებენ," - განაცხადა ნინოს ალუქვაძემ.







