ნაპოლიში 10-ნომრიანი მაისური რელიგიასავით არის. აღნიშნული ნომრით თამაშობდა ლეგენდარული დიეგო მარადონა, რომელმაც 1987-1990 წლების შუალედში "პარტენოპეის" 2 სკუდეტო მოაგებინა. კლუბის სტადიონი ატარებს სწორედ არგენტინელი ფლეიმეიქერის სახელს, 10-ნომრიანი მაისური კი 2000-იანებში სამუდამოდ მას მიაკუთვნეს.
ალბათ გასაგებია, თუ რა მნიშვნელობის ფეხბურთელია სამხრეთელებისთვის მათი მთავარი ვარსკვლავი. მისი წასვლის შემდეგ, ათიანით თამაშობდა "აძურის" რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის ჯანფრანკო ძოლაც. ისმის კითხვა: კლუბის რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა სერია ა-ში ბოლო გოლი სტადიო სან პაოლოს ბინადართა მხრიდან 10-იანით ზურგზე?
ეს ფეხბურთელი არის იგორ პროტი, რომელიც ნაპოლიში 1997-1998 წლებში თამაშობდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი მან მოკრძალებულ ბარიში გაატარა, რის შემდეგაც იყო რომის ლაციო და "პარტენოპეი", მაგრამ აღნიშნულ კლუბებში თავის დამკვიდრება იტალიელმა ფორვარდმა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, სამხრეთელთა ყოფილი შემტევის ანგარიშზე 3 გამორჩეული მიღწევაა.
პირველი - 57 წლის ყოფილი თავდამსხმელი არის სერია A-ს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც სეზონის ბოლოს უმაღლესი დივიზიონი დატოვა. ეს ყველაფერი 1995/96 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ბარის იმდროინდელმა 10-იანმა კაპოკანონიერეს ტიტული ჯუზეპე სინიორისთან ერთად გაიყო.
პროტიმ გაიტანა 24 გოლი, თუმცა "მამლების" სერია ა-ში დარჩენისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.
მეორე რეკორდი - ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში საუკეთესო გოლეადორი გახდა როგორც სერია A-ში, ისე სერია B-სა და სერია С1-შიც.
ბოლოს კი მე-3 მიღწევა: როგორც აღვნიშნეთ, "აძურის" ბოლო 10-იანი, რომელმაც უმაღლეს დივიზიონში გოლის გატანა შეძლო.
რაც შეეხება უშუალოდ გოლს, 1998 წლის 22 მარტს, იტალიელმა თავდამსხმელმა ლეჩეს კარი აიღო. მის შემდეგ, სტადიო სან პაოლოს ბინადრების შემადგენლობაში 10 ნომრით 2006 წლამდე თამაშობდა კიდევ 3 მოთამაშე, მაგრამ იმ დროს, ფინანსური კრიზისისგან გაკოტრებული კლუბი ქვედა ლიგებში გამოდიოდა.