მილანის ინტერის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დანიელე ადანიმ ნაპოლის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "პარტენოპეის" მწვერვალზე დაბრუნება ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშეც შეუძლია. შეგახსენებთ, რომ სამხრეთული კლუბი ლიდერ "ნერაძურის" ამჟამად 3 ქულით ჩამორჩება.
"ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება იყო სასკუდეტო სეზონი, როდესაც სპალეტის ნაპოლი დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ისევ მწვერვალზე ავიდა. შემდეგ იყო მიწაზე დანარცხება, მაგრამ ახლა, კონტესთან ერთად, "პარტენოპეის" ჩემპიონობა ისევ შეუძლია. დიახ, გუნდს აღარ ჰყავს ოსიმენი და კვარა, მაგრამ ამით, არაფერი სრულდება.
ანტონიოს "ლურჯებში" წარმატების მიღწევა ვიქტორისა და ხვიჩას გარეშეც შეუძლია. მას აქვს გეგმა, რომელსაც მიყვება და შედეგსაც ვხედავთ", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა უკანახაზელმა.