პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლივერპული და ასტონ ვილა დაუპირისპირდნენ. არნე სლოტის გუნდი ამ შეხვედრას ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, მეორე მხრივ, უნაი ემერის გუნდი 4-მატჩიანი მოუგებელი სერიით ჩავიდა ენფილდზე.
ლივერპულმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. "წითლებმა" მეტოქე 2:0 დაამარცხეს. მერსისაიდელთა მხრიდან გოლები დარვინ ნუნიესმა და მო სალაჰმა გაიტანეს. ასტონ ვილამ რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა, თუმცა კელეჰერის კარში გატანილი გოლი არ გვინახავს.
სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 28 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტის, 5 ქულით გაასწრო. რაც შეეხება უნაი ემერის გუნდს, ასტონ ვილა 18 ქულით, მე-8 პოზიციაზე დარჩა.