სერია ა-ს ბოლო ტურში ნაპოლი მონცას დაუპირისპირდა და უშანსოდ, 2:0 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 33-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმში, 75-ე წუთზე, ანტონიო კონტემ ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა, რასაც ხვიჩას უკმაყოფილება მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა:
"ხვიჩას მხრიდან ცუდი დამოკიდებულება არ დამინახავს. მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, გოლი გაიტანა და კარგი მატჩი ჩაატარა. ის ცოტას ნერვიულობდა, რადგან ყვითელი ბარათი მატჩის დასაწყისშივე მიიღო, რამდენჯერმე მსაჯის მიმართულებით უკმაყოფილებაც გამოხატა. საბოლოო ჯამში, მე კმაყოფილი ვარ, რადგან მისი ეს აქტიურობა, ნიშნავს, რომ ის ბოლომდე ჩართული იყო მატჩში. მე სწორედ ასეთი მოთამაშეები მჭირდება."
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო — ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.