მიქაუტაძის სიტუაციას ლიგა 1-ის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან

ლიონის ფინანსურ პრობლემებზე ფრანგულ პრესაში საუბრები არ წყდება, წინ კი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაა, რა დროსაც გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება. ამ სიაში შეიძლება იყოს გიორგი მიქაუტაძეც, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ქართველის პირდაპირ გაყიდვა საკმაოდ რთული იქნება. ლიონმა მიქაუტაძე €18.5 მილიონად შეიძინა და დიდი შანსია, იგივე თანხად მისი გაყიდვა ვერ მოხერხდეს და თუ მისი ლიონიდან წასვლა დღის წესრიგში დადგება, ეს დიდი ალბათობით იჯარა იქნება.
მიქაუტაძის სიტუაციას ლიგა 1-ის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. დაახლოებით ათამდე გუნდი ლიონს უკვე დაუკავშირდა და ქართველი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. ამ მომენტისთის გადაჭრით იმის თქმა, რომ მიქაუტაძე ლიონს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს, მართებული არ იქნება, რადგან ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული — უახლოეს პერიოდში ჟორჟი ფორმაში თუ შევა და საგოლე მოქმედებებს გაზრდის, მისი გუნდიდან წასვლაზე აღარავინ ისაუბრებს, თუმცა სიტუაცია თუ მალევე არ გამოსწორდება, პიერ საჟი 23 წლის ფეხბურთელს მარტივად შეელევა.







