დღეს, ევროპა ლიგის პირველი ტურის ფარგლებში, ლიონი საკუთარ კედლებში პირეოსის ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს. ფრანგული გუნდის მწვრთნელმა, პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ოლიმპიკის შემადგენლობაში გოლი ჯერ არ გაუტანია. ფრანგი დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ ქართველი ფორვარდის მშრალი სერია მალე აუცილებლად დასრულდება.
"მიქაუტაძე მოუმატებს და იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ვიცი, რომ ლაკაზეტსა და მას გოლი ჯერ არ გაუტანიათ, თუმცა განგაშის მიზეზს ვერ ვხედავ. გასულ სეზონში, ზუსტად ამ დროს, ალექსანდერსა და ჟორჟს ასევე ვერ გაჰქონდათ ბურთები, მაგრამ შემდეგ, ისინი შეუჩერებლები გახდნენ", - განაცხადა რონელთა თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ, "ლომები" ოთხი ქულით მე-14 ადგილზე არიან. ბერძნული გუნდის შემდეგ, ფრანგების შემდეგი მეტოქე შიდა ჩემპიონატში ტულუზა იქნება.