ლანსის კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ მთელი საფეხბურთო საფრანგეთი აალაპარაკა. შეგახსენებთ, რომ მას მიმდინარე სეზონში "ლეს გრენატსში" უკვე 9 ბურთი დაუგროვდა. ავტორიტეტულმა L'Équipe-მა ქართველ ფორვარდს მიუძღვნა სტატია, რომელშიც აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ის ლოთარინგიელებისთვის.
"მიქაუტაძე არის ის თავდამსხმელი, რომელსაც შეუძლია მეცი ლიგა 2-ში გავარდნისგან იხსნას. აიაქსიდან იჯარით დაბრუნების შემდეგ, ის თავისი გუნდისთვის სამაგალითო ფორვარდია. ფენომენალური შესრულება, სიჩქარე და სიძლიერე, ეს ყველაფერი ჟორჟს თან აქვს. ბოლო 7 მატჩში გატანილი 7 ბურთი, ასევე მეტყველებს ქართველი შემტევის კლასზე", - წერს ფრანგული გამოცემა.
როგორც ავღნიშნეთ, "ლეს გრენატსის" თავდამსხმელი ამსტერდამული გუნდის საკუთრებაა და ლიგა 1-ში ის იჯარით თამაშობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ელის 23-წლის ფორვარდს ამ სეზონის ბოლოს. რაც შეეხებათ ლოთარინგიელებს, საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 29 მატჩის შემდეგ, ისინი 26 ქულით მე-17 პოზიციაზე არიან.