2017 წელს, რონალდინიო გაუჩომ განაცხადა, რომ ევროპაში გადმოვიდა თავდამსხმელი, რომელსაც ოქროს ბურთის მოგების პოტენციალი აქვს. ლეგენდარული ბრაზილიელი ფლეიმეიქერი გულისხმობდა
გაბი ჟეზუსს, რომელიც 7 წლის წინ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ სიტის შეუერთდა.
ბარსელონას ყოფილი შემტევი თანამემამულე თავდამსხმელს ახასიათებდა ასე - "მან სიტის ჰყავს განსაკუთრებული ფეხბურთელი - ჟეზუსი. მას აქვს იმის პოტენციალი, რომ მომავალში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს. ახლა ნომერ პირველი არის მესი, მომავალში კი მის ადგილს ნეიმარი დაიკავებს. მათ შემდეგ საუკეთესო სწორედ გაბი გახდება", - აცხადებდა "ბლაუგრანას" ყოფილი 10-იანი.
დრომ გვიჩვენა, რომ "ჯადოქრის" პროგნოზი არ ახდა. მანჩესტერულ გუნდში გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, ბრაზილიელი თავდამსხმელი გადავიდა ლონდონის არსენალში, სადაც საუკეთესოდ თავი მან ასევე ვერ წარმოაჩინა. "სელესაოს" ფორვარდის ანგარიშზე 83 მატჩში სულ რაღაც 20 ბურთია.