ლიონის ოლიმპიკისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩში დაფიქსირდა ფრე, 2:2. ანტიგმირად მოგვევლინა სტუმრების მეკარე, ანდრე ონანა, რომლის შეცდომების შედეგად "წითელმა ეშმაკებმა" 2 ბურთი გაუშვეს. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო სწორედ კამერუნელმა გოლკიპერმა, 5.9.
როგორც მოგეხსენებათ, მატჩის დაწყების წინ, "მანკუნიანელების" მეკარემ განაცხადა, რომ მისი გუნდი რონელებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა და ფავორიტი სწორედ ინგლისური კლუბი იყო. 29 წლის გოლკიპერს უპასუხა ნემანია მატიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ოცნებათა თეატრის" ბინადრებს თავიანთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კარის დარაჯი ჰყავთ.
მატჩის დასრულების შემდეგ, სერბმა საყრდენმა ნახევარმცველმა უფრო ღრმად შეტოპა და განათავსა საინტერესო პოსტი - შვილის ფოტო რუბენ ამორიმის გუნდის მოთამაშეების მაისურებით. ფოტოზე ვხედავთ გოლკიპერის მაისურსაც, მაგრამ არა ონანასი, არამედ ტომ ჰიტონის, რომელმაც 2021 წლის შემდეგ, მანჩესტერში სულ რაღაც 3 შეხვედრა ჩაატარა.