
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგის ცენტრალური შეხვედრა - ლონდონური დერბი არსენალისა და ჩელსის მონაწილეობით. სეზონის სტარტზე ორივე მათგანი კონკურენციას უწევდა ჩემპიონობის მთავარ ფავორიტ ლივერპულს, მაგრამ დღეს, როგორც "მეთოფეებისთვის", ისე "არისტოკრატებისთვისაც" ობიექტური პროგრამა მაქსიმუმი 4-ეულში ადგილის შენარჩუნება იქნება.
"კანონირები" 55 ქულით მეორე ადგილზე არიან, "ლურჯები" კი 49 ქულით მეოთხეზე. ცნობისთვის, დღეს გაიმართება კიდევ ერთი ლონდონური დერბი - ტოტენჰემი ფულჰემს ესტუმრება. ამის გარდა, კრიზისში მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს ლესტერთან მოუწევს ბრძოლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც ჰოტსპური, ისე "წითელი ეშმაკები" და "მელიები" ცხრილის ქვედა ნაწილში არიან.
17:30 - არსენალი-ჩელსი
17:30 - ფულჰემი-ტოტენჰემი
23:00 - ლესტერი-მანჩესტერ იუნაიტედი

ლა ლიგა
ლა ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა - ბარსელონას სტუმრობა მადრიდში, ატლეტიკოსთან. გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ერთი ქულაა და ამის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ "ბლაუგრანას" მადრიდის რეალსა და "როხიბლანკოზე" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"ინდიელების" შესახებ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "სამეფო კლუბთან" გამოვარდნის შემდეგ, ეს გუნდი მთელ თავის რესურსს ლა ლიგის მოგებაზე გადაიტანს. კატალონიელებთან მატჩი დიეგო სიმეონეს გუნდისთვის პირველი იქნება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ.
17:00 - ლეგანესი-ბეტისი
19:15 - სევილია-ბილბაო
21:30 - რაიო ვალეკანო-სოსიედადი
21:30 - ოსასუნა-ხეტაფე
23:55 - ატლეტიკო-ბარსელონა

სერია ა
სერია ა-ში ნამდვილი საჩემპიონო ბრძოლა გველოდება - სატურნირო ცხრილის ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი, მილანის ინტერი მესამე ადგილზე მყოფ ბერგამოს ატალანტას ესტუმრება. გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც 3 ქულა არის. ამის გარდა, დღეს თავის მატჩს ჩაატარებს მე-2 პოზიციაზე მყოფი ნაპოლიც, რომელიც ვენეციას ესტუმრება.
არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება - ტურინის იუვენტუსი ფლორენციის ფიორენტინას ესტუმრება. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ "ვიოლასთან" წაგების შემთხვევაში, "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელი, ტიაგო მოტა კლუბიდან გაუშვან.
15:30 - ვენეცია-ნაპოლი
18:00 - ბოლონია-ლაციო
19:00 - რომა-კალიარი
21:00 - ფიორენტინა-იუვენტუსი
23:45 - ატალანტა-ინტერი

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგის გასულ ტურში ჰაიდენჰაიმის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც ულამაზესი დარტყმით ჰოფენჰაიმის კარი აიღო. დღეს, "როთბლაუსი" საკუთარ კედლებში მიიღებს ჰოლშტეინ კილს, რომელიც ქართველი ფორვარდის გუნდის მსგავსად, ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
18:30 - ბოხუმი-აინტრახტი
20:30 - ჰაიდენჰაიმი-კილი
22:30 - შტუტგარტი-ლევერკუზენი

ლიგა 1
ქართველი მაყურებლის ყურადღება მთლიანად იქნება გადატანილი ლიგა 1-ზე, სადაც ერთ დღეს თამაშობენ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი. დავიწყოთ პირველით, რომლის პარის სენ-ჟერმენი ფრანგული ფეხბურთის მთავარ დაპირისპირებაში მარსელის ოლიმპიკს მიიღებს.
ეს იქნება რიგით 109-ე ლე კლასიკი, ქართველი შემტევის მონაწილეობით. რაც შეეხება წინა შეხვედრების სტატისტიკას - 52-ჯერ იმარჯვა პსჟ-მ, 35-ჯერ "პროვანსალებმა", 21 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ფრანგული დერბის საუკეთესო გოლეადორი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელმაც პარიზელთა ყველაზე პრინციპულ მეტოქეს 11 ბურთი გაუტანა.

"ლურჯ-წითლებმა" დროთა განმავლობაში გააბათილეს პრაქტიკულად ყველა ის რეკორდი, რომელიც თავის დროზე ველოდრომის ბინადრებმა დაამყარეს. ამის მიუხედავად, მარსელს პარკ დე პრენსის ბინადრებთან მაინც აქვს ერთ კომპონენტში უპირატესობა: ჩემპიონთა ლიგის მოგება. საუბარია ტიტულზე, რომელიც ნასერ ალ-ხელაიფის კლუბისთვის ჯერ კიდევ მიუღწეველია.
გადავინაცვლოთ სხვა ქართველი ლეგიონერების გუნდებისკენ - ლიონის ოლიმპიკი საკუთარ კედლებში მიიღებს ლე ავრს, სენტ-ეტიენი კი მონპელიეს ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ "მწვანეები" და "ლურჯები" საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციებს იკავებენ: ქართველი ვინგერის გუნდი მე-17 პოზიციაზეა, "პალადინები" კი მე-18-ზე არიან.
18:00 - ლიონი-ლე ავრი
20:15 - ბრესტი-რეიმსი
20:15 - მონპელიე-სენტ ეტიენი
20:15 - სტრასბურგი-ტულუზა
23:45 - პსჟ-მარსელი












