შაბათის მატჩის დღე გვთავაზობს არაერთ საინტერესო დაპირისპირებას და პირველ რიგში, ცხადია, გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელი დებიუტი პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.

პრემიერ ლიგა
თავისი ცენტრალური შეხვედრა აქვს პრემიერ ლიგასაც - მანჩესტერ სიტი ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ. მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირება: პეპ გუარდიოლა და ენცო მარესკა. ეს უკანასკნელი 2020-2021 წლებში მუშაობდა "ქალაქელთა" ახალგაზრდულ გუნდში, 2022-2023 წლებში კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა იტალიელი სპეციალისტი თავისი ესპანელი მენტორის დაჩრდილვას. სატურნირო ცხრილში ისინი არიან მეზობლად - მეოთხე პოზიციაზე 40 ქულით არიან "არისტოკრატები", მეხუთე ადგილზე 38 ქულით კი "ლურჯები". დღეს ასევე თავის მატჩს ჩაატარებს ლიდერი ლივერპული, რომლის მეტოქე იფსვიჩი იქნება.
19:00 - ვულვზი-არსენალი
19:00 - ლივერპული-იფსვიჩი
19:00 - საუთჰემპტონი-ნიუკასლი
19:00 - ბორნმუთი-ნოტინგემი
19:00 - ბრაიტონი-ევერტონი
21:30 - მანჩესტერ სიტი-ჩელსი
ლა ლიგა
ლა ლიგაში დღეს თავის შეხვედრას ჩაატარებს ორივე მადრიდული ლიდერი - რეალი ესტუმრება ვალიადოლიდს, ატლეტიკო კი ვილიარეალს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ პირველ პოზიციაზე 46 ქულით არის "სამეფო კლუბი", "როხიბლანკოს" კი 2 ქულით ნაკლები აქვს.
17:00 - მალიორკა-ბეტისი
19:15 - ატლეტიკო-ვილიარეალი
21:30 - სევილია-ესპანიოლი
23:55 - ვალიადოლიდი-რეალი
სერია ა
კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში დებიუტამდე რამდენიმე საათით ადრე, მის ყოფილ გუნდს, ნაპოლის ელის ურთულესი და უპრინციპულესი გამოცდა ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ. ეს იქნება "პარტენოპეის" პირველი მატჩი კალჩოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის წინააღმდე, ქართველი ვინგერის პსჟ-ში წასვლის შემდეგ.
ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ "ბებერ ქალბატონს" უპირისპირდება ანტონიო კონტე - ფეხბურთელი და მომავალში მწვრთნელი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ "ბიანკონერისთან" ასოცირდებოდა. აღნიშნული მატჩის შემდეგ, დაიწყება ემპოლისა და ბოლონიას თამაში, რომელშიც მონაწილეობას საბა გოგლიჩიძე მიიღებს.
18:00 - კომო-ატალანტა
21:00 - ნაპოლი-იუვენტუსი
23:45 - ემპოლი-ბოლონია
ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში პირველ რიგში გვაინტერესებს ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმის სტუმრობა აუგსბურგთან. შეგახსენებთ, რომ ბრემენის ვერდერთან დრამატულ მატჩში ქართველმა ფორვარდმა გერმანიის უმაღლეს ლიგაში გაიფორმა პირველი ასისტი, მაგრამ გატანილი ბურთი მის ანგარიშზე ჯერჯერობით არ არის.
18:30 - ფრაიბურგი-ბაიერნი
18:30 - დორტმუნდი-ვერდერი
18:30 - ლაიფციგი-ლევერკუზენი
18:30 - მაინცი-შტუტგარტი
18:30 - აუგსბურგი-ჰაიდენჰაიმი
21:30 - გლადბახი-ბოხუმი
ლიგა 1
დღის მთავარი მოვლენა - ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პარის სენ-ჟერმენის რიგებში. დედაქალაქური გუნდის მოწინააღმდეგე რეიმსი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა ქართველი ვინგერი მატჩს პსჟ-ს სასტარტოში. შემადგენლობები თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იქნება ცნობილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარიზელთა დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ:
"კვარაცხელია უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ვფიქრობ, კარგად გაიგო რასაც ვითხოვთ მისგან, რითაც კმაყოფილი ვარ. ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ხვიჩას ადაპტაცია არ გაუჭირდება. ის და ბარკოლა ერთად? შეტევაში 7 მოთამაშე გვყავს, რომლებთანაც სხვადასხვა კომბინაციებისა და სათამაშო სქემის შემუშავება შემიძლია.
ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო ამა თუ იმ ფეხბურთელს გუნდისთვის რა მოაქვს, ეს იქნება შეტევაში თუ დაცვაში", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
20:00 - მონაკო-რენი
22:00 - სტრასბურგი-ლილი
23:55 - პსჟ-რეიმსი
ლეგიონერები
კვარაცხელიასა და გოგლიჩიძის გარდა, თავის შეხვედრას დღეს ჩაატარებს გიორგი ჩაკვეტაძეც, რომლის უოტფორდი ქოვენთრის ესტუმრება. ასევე გამოსარჩევია ქართული დერბი საბერძნეთში: ლევან შენგელიას ოფი ლუკა გუგეშაშვილის პანსერაიკოსის წინააღმდეგ. თავის მატჩს დღეს ჩაატარებს ლევანტეც, მაგრამ როგორც გუშინ გაირკვა, გიორგი ქოჩორაშვილი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.
18:30 - ფრაიბურგი-ბაიერნი
18:30 - აუგსბურგი-ჰაიდენჰაიმი
19:00 - ვულვზი-არსენალი
19:00 - ლივერპული-იფსვიჩი
19:00 - ქოვენთრი-უოტფორდი
19:00 - ოფი-პანსერაიკოსი
19:15 - ატლეტიკო-ვილიარეალი
21:00 - ნაპოლი-იუვენტუსი
21:30 - მანჩესტერ სიტი-ჩელსი
23:45 - ემპოლი-ბოლონია
23:55 - ვალიადოლიდი-რეალი
23:55 - პსჟ-რეიმსი