მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა The Athletic-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"მან გუნდი და მე იმედგაცრუებული დაგვტოვა, რადგან მასზე იმედებს ვამყარებდით და მასთან ერთად გეგმებს ვაწყობდით.
პორტუგალიაში ჩავფრინდი, რათა მასთან მესაუბრა იმაზე, თუ რა მიზნები მქონდა მანჩესტერ იუნაიტედში მისვლამდე. ცხადია, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დიდ პატივს ვცემდი, თუმცა იმ მომენტში, როგორც მწვრთნელს, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და გუნდში ის ფეხბურთელები შემენარჩუნებინა, რომლებსაც პატივს ვცემდი.
ტენ ჰაგის თქმით, რონალდუ ვარჯიშებზე არ ცხადდებოდა, ხოლო როდესაც ვარჯიშობდა, გულისცემის საჭირო დონემდე აყვანას ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, მან იმ სამი წრიდან მხოლოდ ორი გაირბინა, რომელთა შესრულებაც ტენ ჰაგმა ფეხბურთელებს დაავალა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში ბრენტფორდთან 0:4 დამარცხდნენ.
„მას ამის შესახებ პირდაპირ ვესაუბრე. ხშირად ვეუბნებოდი: რონი, ყველა შენს დასახმარებლად მუშაობს, რათა სათანადო პოზიციაში აღმოჩნდე, მაგრამ თუ საჯარიმოში შესვლა არ შეგიძლია, გოლს ვერ გაიტან.
მას ამის გაკეთება არ შეეძლო. არასწორია იმის მტკიცება, თითქოს მისგან პრესინგში მონაწილეობას ვითხოვდი და ამის გამო იღლებოდა. მას ეს არ შეეძლო. ის არც ბურთის ფლობისას დარბოდა და არც მაშინ, როდესაც ბურთი მეტოქეს ჰქონდა. მიზეზი ის იყო, რომ სათანადოდ არ ემზადებოდა.
ის ფეხბურთელებს ეუბნებოდა: ვარჯიშებზე ენერგია დაზოგეთო. მესმის ამის აზრი, როდესაც ფიზიკურად საუკეთესო ფორმაში ხარ, ვარჯიშები გაქვს და შეგიძლია, ენერგია დაზოგო. მაგრამ ჯერ სათანადო ფიზიკურ კონდიციებამდე უნდა მიხვიდე, რისთვისაც ვარჯიშია საჭირო“.












