ლონდონის ჩელსის ყოფილმა მეკარემ, მარკ შვარცერმა გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა კარის დარაჯმა აღნიშნა, რომ ის მერსისაიდელების მიერ ქართველი გოლკიპერის ყიდვით დარჩა გაკვირვებული, რადგან მისი აზრით, ახალგაზრდა მეკარე ერთ სათამაშო კომპონენტში მოიკოჭლებს.
"მამარდაშვილი მაღალი დონის მეკარეა, თუმცა მას აქვს ერთი ნაკლი - ფეხით ვერ თამაშობს. აღნიშნული კომპონენტი არ არის მისი ძლიერი მხარე და ამის გამო, დავრჩი გაკვირვებული, რომ ლივერპულმა გიორგი გაიფორმა. მან ევრო 2024-ზე ითამაშა შესანიშნავად, მაგრამ რამდენად არის ის გოლკიპერი, რომელიც მერსისაიდელებს სჭირდებათ.
"წითლებს" ჰყავთ ალისონი და კელეჰერი, რომლებიც ფეხით ქართველ მეკარეზე გაცილებით უკეთ თამაშობენ", - განაცხადა ყოფილმა ავსტრალიელმა კარის დარაჯმა. შეგახსენებთ, რომ "სქაუზერთა" გოლკიპერი იჯარით დარჩა ვალენსიაში, სადაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. 2025 წლის ზაფხულიდან კი 24 წლის მეკარე ენფილდზე გადავა.