რომის ლაციოს მარჯვენა მცველს, ელსეიდ ჰიუსაის 160 000 ევროს ღირებულების ფერარის მარკის ავტომობილი დაეწვა. ინციდენტი მოხდა რამდენიმე დღის წინ, იტალიის დედაქალაქში. ალბანელი განაპირა მცველი მანქანაში იმყოფებოდა თავის ნათესავთან ერთად, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო ცეცხლი გაჩნდა.
კარები დაიბლოკა, თუმცა ავტომობილში მჯდომმა პირებმა გამოღწევა მაინც მოახერხეს. ხანძრის გაჩენის მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება. "ბიანკოჩელესტეს" განაპირა მცველი მწყობრშია და ის თავის გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობს. ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთა თავად "არწივების" 23-ე ნომერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს.