ტურნირზე მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლა ონლაინ არის შესაძლებელი.
ტურნირზე რეგისტრაცია უფასოა (იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა), მონაწილეობის მიღება საქართველოში არსებულ ნებისმიერი სათხილამურო სკოლის სპორტსმენებსა და მოყვარულ მოთხილამურეებს შეუძლიათ.
შეჯიბრი გიგანტურ სლალომში სხვადასხვა ასაკობრივ: U16 (13,14,15,16 წლის) და 16+ კატეგორიაში გაიმართება. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდებიან ბიჭებსა და გოგოებს შორის, რომელთაც თასები მედლები და სხვადასხვა ფასიანი პრიზები გადაეცემათ.

„ლადოს თასი“ პირველად 2009 წელს ჩატარდა და მაშინ მხოლოდ ლადოს მეგობრები მონაწილეობდნენ, ბოლო წლებში კი საზოგადოების ინტერესი გაიზარდა, კონკურენციის ზრდასთან ერთად, მონაწილეთა რაოდენობამ მოიმატა. გასულ წელს შეჯიბრში რეკორდული რაოდენობის, 200-მდე მოთხილამურემ იასპარეზა.
შეჯიბრის მიზანია, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდა მოთხილამურეების აღმოჩენა და მათი განვითარება. აღსანიშნავია, რომ „ლადოს თასის“ პატარა მონაწილეები ამჟამად საქართველოს ნაკრების წევრები არიან და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ, მათ შორის მსოფლიო თასის ეტაპებზე.
„ლადოს თასი“ დაარსდა „იკისკის“ მწვრთნელის, ლადო ბოლქვაძის პატივსაცემად, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. წლების განმავლობაში, ლადო ღირსეულად ემსახურებოდა სამთო-სათხილამურო სპორტს, ავარჯიშებდა ბავშვებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ამ სახეობის პოპულარიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ „ლადოს თასის“ ამბიციური გეგმაა შეჯიბრი საერთაშორისო გახდეს და მომავალი წლიდან ჩატარდეს FIS კალენდარული გეგმის მიხედვით. შარშან, ტურნირს FIS-ის წარმომადგენელი პიტერ კროგოლი დააკვირდა. სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) დელეგატმა შეჯიბრი დადებითად შეაფასა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
შეჯიბრის ორგანიზატორები მადლობას უხდიან ყველა ორგანიზაციასა და კომპანიას ტურნირის დაფინანსებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.








