ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის რეალი საკუთარ კედლებში ვალენსიასთან დამარცხდა. შეხვედრის გმირად მოგვევლინა სტუმრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ჯერ ვინისიუს ჟუნიორს აუღო 11-მეტრიანი, შემდეგ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ახალგაზრდა გოლკიპერმა "სამეფო კლუბთან" დაპირისპირებაში ჯამში 8 სეივი გააკეთა.
აღნიშნულმა გამარჯვებამ "ღამურების" სატურნირო მდგომარეობა კარდინალურად შეცვალა - მე-15 ადგილი და შვიდქულიანი უპირატესობა გასავარდნ ზონაში მყოფ კლუბებთან. აღსანიშნავია, რომ ეს არის "ლოს ჩესის" საუკეთესო შედეგი მიმდინარე სეზონში, რადგან აქამდე, აღნიშნული გუნდი მე-17 პოზიციაზე მაღლა არ აღზევებულა.
როგორც ვხედავთ, ქართველი მეკარის ტოპ შეხვედრა "ბლანკოსის" წინააღმდეგ "მურსელაგოსის" გადარჩენის საკითხში შესაძლოა გარდამტეხი გამოდგეს. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მესტალიას ბინადრები ამ უპირატესობის შენარჩუნებას.