რომას ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გარემარბი თავის პოზიციაზე საუკეთესოა. ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა ქართველი ვინგერი ჯეკ გრილიშზე, კინგსლი კომანსა და რაფა ლეაუზე წინ დააყენა. მან ასევე დაამატა, რომ ნაპოლის შემტევი ბარსელონას მოუხდება.
"კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. მას ვაყენებ გრილიშზე, კომანსა და ლეაუზე წინ. ჩემი აზრით, ის ბარსელონას სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებდა. ხვიჩა ფენომენალურია, მისი თამაში ლოგიკას სცდება. მას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე რაფას", - განაცხადა "ჯალორისის" ყოფილმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გარემარბის სახელს მართლაც უკავშირებდნენ კატალონიელებს, თუმცა ის "პარტენოპეიში" დარჩა. არის საუბრები კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, მაგრამ სამხრეთელთა დირექტორის განცხადებით, ეს საჩქარო არ არის.