ხვიჩა კვარაცხელიას საოცარმა პერფორმანსმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მან ასტონ ვილას ულამაზესი გოლი გაუტანა, პსჟ-მ 3:1 მოიგო და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა DailyMail ხვიჩას კარგ თამაშს ასეთი სათაურით ეხმაურება: "ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ჯორჯ ბესტია - მან გვაჩვენა, რატომ შეუძლია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე გასვლა"
"კვარაცხელია სრულყოფილი ფეხბურთელია. ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს, რითიც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს საქმეს ურთულებს. ხვიჩას შეუძლია 9 ნომერზე თამაშიც, რაც მან პსჟ-ში და ეროვნულ ნაკრებშიც გამოაჩინა.
კვარა გამხდარი ბიჭია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი. თუ აჩქარდა, მისი შეჩერება რთულია. განსაკუთრებით იტალიაში, მას ძლიერი მცველების წინააღმდეგ მოუწია თამაში და გამოცდას თავი კარგად გაართვა.
ახლა კვარაცხელია თავს პსჟ-ში იმკვიდრებს და ამ გუნდის ჯორჯ ბესტია. 1/4 ფინალში ულამაზესი გოლი გაიტანა და ნახევარფინალისკენ გზა გაიხსნა", - წერს გავლენიანი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ასტონ ვილასა და პსჟ-ს მატჩი ბირმინგემში სამშაბათს შედგება.