სლოტთან ერთად, ახდა ლუის ენრიკესა და ჟოაო ნევეშის სიტყვებიც. მატჩის წინ, მათ თქვეს, რომ სალაჰის შეჩერების ერთადერთი გზა, მეტოქეზე მეტად ბურთის ფლობა და კონტროლია. ამ შეხვედრაში პსჟ-ს ბურთის ფლობა 71% ჰქონდა, სალაჰი მოედნიდან უბრალოდ გამქრალი იყო, მომენტიც არ ჰქონია. პსჟ-ს შემტევებმა სახიფათო მომენტი უამრავი შექმნეს, მაგრამ ალისონი...

პსჟ-მ წააგო, მაგრამ მეტოქეს ორი თავით აჯობა. მატჩის წინ, კვარაცხელიას ძირითადში ყოფნას ბევრი არ ვარაუდობდა, მაგრამ ლუის ენრიკე მას კიდევ ერთხელ ენდო. ტრენტ-ალექსანდრ არნოლდისდა სასიხარულოდ, კვარაცხელია მარჯვენა ფლანგიდან უტევდა. ბევრჯერ ვთქვით, რომ როცა ხვიჩა მარჯვნიდან თამაშობს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს ხოლმე, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თავის თვითგანვითარებასა და შესაძლებლობებში და მარჯვენა ფლანგიდან ტოპ მატჩი ჯერ ლიონთან ჰქონდა, ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან. მეტიც, ერთადერთი იყო, ვინც თავისთვის სუსტი მარცხენა ფეხით ალისონის კედელი დაანგრია და აუღებელი დარტყმა შეასრულა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსრიდა.

აღსანიშნავია პსჟ-ს დაცვის ხაზის თამაში. მთელი სეზონი ამ ბრწყინვალე გუნდის შედარებით სუსტი მხარე დაცვა იყო, მაგრამ ლივერპულთან მარკინიოსი-პაჩოს დუეტი უშეცდომოდ იდგა. თავიანთ საქმეს იდეალურად ასრულებდნენ და განაპირა მცველებსაც აზღვევდნენ. ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი მოჰამედ სალაჰი მოედნიდან გააქრეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დრიბლინგებით მეტოქეებს თავგზა რამდენჯერმე აუბნია, ბევრჯერ მასზე დაჯარიმდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში დაეცა, თუმცა მსაჯმა მომენტი გაატარა, ამით კვარამ ვან დეიკი გააბრაზა და ნიდერლანდელმა მცველმა ქართველს სიმულაციის ნაკლებობისკენ მოუწოდა.
ვან დეიკის თამაში ცალკე აღსანიშნია. უშუალოდ მოედნიდან მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო კარგად ჩანს - უკან მთასავით დგას და ვინც მასთან ახლო პერიმეტრზე მივა, არავის ინდობს, რადგან ის ტერიტორია მისია. მაგალითად, როცა პსჟ კუთხურს აწვდიდა ხოლმე, საჯარიმოში შეკრებილი ყველა ფეხბურთელი მობილიზებული იყო, რომ ბურთზე ეთამაშა, უცებ კი ვან დეიკი საიდანღაც გამოხტებოდა და ყველა ბურთი გამოჰქონდა.

"პარკ დე ფრანსზე" ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული. თამაშის წინ, ფეხბურთელების შესასვლელთან პსჟ-ს ულტრასები დააყენეს, სადაც ჩვეულებრივი გულშემატკივარი ევრ შევიდოდა. მათ სპეციალური "ფლეშმობი" ჰქონდათ დაგეგმილი. როცა პარიზელი მოთამაშეები მოვიდნენ, ორიგინალურად დახვდნენ და განწყობა შეუქმნეს.
ლუის ენრიკე თავისი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ის თვლის, რომ ჯერ დასრულებული არაფერია და ყველაფერი ენფილზე გადაწყდება. თუ პარიზელებმა ისევ ასე ორგანიზებულად ითამაშეს, ლივერპულს მეორედ იღბალი ვეღარ უშველის.









