პარის სენ-ჟერმენის ყოფილმა მეკარემ, ჟერომ ალონზომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა გამოარჩია ახალგაზრდა გარემარბის მებრძოლი სული და აღნიშნა, რომ მსგავსი მოთამაშე პსჟ-ს არ ჰყოლია. ყოფილმა ფრანგმა გოლკიპერმა ქართველი ვინგერი ამ თვისებით ხუან პაბლო სორინს შეადარა.
"კვარაცხელია კარგია, როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაშიც. მას შეუძლია მოწინააღმდეგე ფეხბურთელების თამაშის წაკითხვა, რადგან ტაქტიკურად ის ძალიან ჭკვიანია. ხვიჩა ამ მხრივ სორინს მაგონებს. ცალკე გამოსარჩევია მისი მებრძოლი სული. დიახ, დიდ გუნდებს არ ჰყავთ მხოლოდ ხელოვანი მოთამაშეები, მათ მეომრებიც სჭირდებათ.
ქართველი გარემარბი სწორედ ასეთი კატეგორიის ფეხბურთელია. ის არის მებრძოლი, რომელიც პარის სენ-ჟერმენს აქამდე არ ჰყოლია. მჯერა, რომ მასთან ერთად, პსჟ ახალ საფეხურზე იქნება", - განაცხადა დედაქალაქური კლუბის ყოფილმა გოლკიპერმა.