ცნობილმა ჟურნალისტმა, პიერ მენესმა პარის სენ-ჟერმენისა და ლიონის ოლიმპიკის ერთმანეთის მიმართ ბრალდებებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს, რომელიც რონული კლუბის პრეზიდენტის, ჯონ ტექსტორის მტკიცებით, უკანონო გზით იქნა რეგისტრირებული.
"კვარაცხელიას წინააღმდეგ საჩივარი ისეთივე სასაცილოა, როგორიც პარის სენ-ჟერმენის ბრალდება ალმადას ლიონში ტრანსფერის მიმართებაში. ორივე მოთამაშის კონტრაქტი არის რეგისტრირებული კანონიერად, მაგრამ ხელაიფი და ტექსტორი ბავშვურ ჩხუბს აგრძელებენ. ეს ფაქტი ზოგადად ფრანგული ფეხბურთისთვის არის საზიანო", - განაცხადა მენესემა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიკის მფლობელის ბრალდება ჟღერდა ასე - "კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში გადასვლა, მხოლოდ დედაქალაქური კლუბის დაფინანსების გამო გახდა შესაძლებელი. ეს ტრანსფერი უცხოური სუბსიდიების აკრძალვის რეგულაციას ეწინააღმდეგება. ეს ტრანსფერი და მოთამაშის საფრანგეთის ლიგაში დარეგისტრირება, არღვევს ფეარ პლეის წესებს", - განაცხადა რონული კლუბის მფლობელმა.